იქნება სოლიდარობა ყველაფერი გამოვა - ძალა ერთობაშია
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი
 
  მეტალურგიული დარგის პროფესიული კავშირის შექმნის მოკლე ისტორია
 
       საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი ნებაყოფლობის საფუძველზე აერთიანებს საქართველოს მეტალურგიული, სამთო, ქიმიური, ფეროშენადნობთა, მეორადი ლითონების, ფერადი ლითონების, მანქანათმშენებლობაში დასაქმებულ მუშაკებს. აგრეთვე სარემონტო სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების მუშაკებს. პროფკავშირში გაწევრიანება შეუძლია აგრეთვე სხვა დარგის მუშაკებს, რომლებიც აღიარებენ დარგობრივი პროფკავშირის წესდებას.
      პროფკავშირის სტრუქტურა აგებულია დემოკრატიული ცენტრალიზმის პრინციპებზე. ყველა პროფორგანიზაციას, მის ხელმძღვანელ პირებსა და კოლეგიალურ ორგანოებს ირჩევენ პროფკავშირის რიგითი წევრები. შესაბამისად ეს ორგანიზაციები ანგარიშვალდებულნი არიან ამომრჩევლის წინაშე. პროფორგანიზაციების საქმიანობას განსაზღვრავს დარგობრივი პროფკავშირის წესდება. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. დარგობრივი პროფკავშირის საფუძველია პირველადი ორგანიზაცია. მისი უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელიც მოიწვევა ოთხ წელიწადში ერთხელ. ყრილობა ირჩევს დარგის გამგეობას, პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს და სარევიზიო კომისიას, რომლებიც დარგობრივ პროფკავშირს ხელმძღვანელობენ ოთხი წლის განმავლობაში.
      მე-19 საუკუნის 50-იან წლებში აღმოჩენილ იქნა მანგანუმის საბადო ჭიათურაში, ხოლო მისი დამუშავება დაიწყო 1879 წელს. მანგანუმის მოპოვების გაზრდასთან ერთად იზრდებოდა დასაქმებულთა რიცხვი, რომელთა საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობები აუტანელი იყო. მუშაკთა მძიმე შრომას კიდევ უფრო ამძიმებდა მაღაროს მეპატრონეთა განუსაზღვრელი უფლებები. მუშები ხშირ შემთხვევაში სრულიად უუფლებონი იყვნენ, რაც იწვევდა მათ უკმაყოფილებას. სწორედ ამის გამო ჭიათურმანგანუმის მშრომელები აქტიურად მონაწილეობდნენ 1905-1907 წლების საგაფიცვო მოძრაობაში, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ არალეგალური პროფკავშირები.
     1913 წელს ივნის-ივლისში 55 დღე გაგრძელდა ჭიათურის მანგანუმის მუშაკთა გაფიცვა. გაფიცვას შეუერთდნენ ამიერკავკასიის რკინიგზის ზესტაფონის სადგურის მტვირთავები, ფოთისა და ბათუმის მუშაკები. გაფიცვა გამარჯვებით დამთავრდა. დაიდო კოლექტიური ხელშეკრულება ჭიათურის მანგანუმის მუშაკთა და წარმოების მეპატრონეთა შორის. იმავე წელს გაიფიცნენ ტყიბულის ქვანახშირის საბადოს მუშაკები.
1933 წელს გაიხსნა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, რომელსაც მოჰყვა პროფკავშირების ჩამოყალიბება.
      1957 წელს საქართველოს პროფკავშირულ საბჭოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება პროფკავშირების რეორგანიზაციის შესახებ, რის შედეგადაც შეიქმნა მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მშრომელთა პროფკავშირი, როგორც ცალკე დარგობრივი ორგანიზაცია.
1990 წელს დარგის პროფკავშირები გამოეყო სსრკ-ს პროფკავშირებს.
     2006 წელს საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მშრომელთა პროფკავშირებს შეუერთდა მანქანათმშენებლობისა და ხელსაწყოთმშენებლობის მუშაკთა, საავტომობილო და სატრაქტორო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირი. ხოლო 2010 წელს ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირები.
დღეისათვის საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირები თავის რიგებში აერთიანებს 13 პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას, რომელშიც გაერთიანებულია 5970 პროფწევრი.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებს სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდნენ. დავით ცირეკიძე, ნოდარ ვაშაძე, ანდრო კეთილაძე, მერაბ ჟურული.
      2010 წლის 28 იანვრიდან საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მშრომელთა პროფკავშირის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო თამაზ დოლაბერიძე, რომელიც 2010 წლის 1-ლი ივლისიდან საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტია.